ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში მომზადდა ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომელთაც დაიწყეს მუშაობა ადიქციის პრობლემის საპასუხო ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე სხვადასხვა მიმართულებით: კვლევა, ნარკოვითარების მონიტორინგი და ნარკოეპიდემიოლოგია, ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობის რეფორმა, პრევენცია, მკურნალობა და ზიანის შემცირება. პარალელურად, შედგა თანამშრომლობა Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში პროფესიული დახელოვნებისთვის მივლენილ ქართველ და ჩეხ კოლეგებს შორის. ამ საექსპერტო თემმა დაიწყო ერთობლივი მუშაობა საქართველოში ადიქტოლოგიური განათლების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაზე. დასაწყისში ამ სამუშაოს მხარს უჭერდა ჩეხეთისა და ამერიკის განვითარების სააგენტოების პროექტები, ხოლო 2013 წლიდან ევროკომისიის TEMPUS-ის მექანიზმით დაფინანსებული პროექტი ADDIGE – Addictology Development in Georgia. 2013 წელს პროექტის ექსპერტთა ჯგუფმა მიმართა ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტს ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შექმნისა და ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების იდეით, რასაც ილიაუნიმ მზაობით, მხარდაჭერითა და ხელშეწყობით უპასუხა. ადიქციის კვლევების ინსტიტუტი მოქმედებს 2013 წლიდან, ადიქციის კვლევების სმაგისტრო პროგრამა დაფუძნდა ილიაუნიში 2015 წლიდან, ამჟამად ყავს უკვე 50-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებიც დასაქმებული არიან ნარკოვითარების მონიტორინგის, წამალდამოკიდებულების პრევენციის, მკურნალობის, ზიანის შემცირებისა და სხვა შესაბამის სფეროებში.