ინსტიტუტის შესახებ
ინსტიტუტის მანდატი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტომაშ ზაბრანსკის სახელობის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი (შემოკლებით – ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი) ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო და საადვოკაციო საქმიანობას. ინსტიტუტი აკოორდინირებს ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამას.
ინსტიტუტის ხედვა: ადიქცია (ანუ დამოკიდებულება) არის ბიოფსიქოსოციალური პრობლემა. იგი საჭიროებს პრაგმატულ მიდგომასა და გეგმაზომიერ მართვას. პრობლემის საპასუხო ღონისძიებების სისტემა უნდა იყოს მულტიდისციპლინური (ბიოფსიქოსოციალური) და მტკიცებულებაზე დაფუძნებული.
ინსტიტუტის მისია: ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა ადიქციის პრობლემის მიმართ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა-განვითარებაში.
ინსტიტუტის მიზანი: დამოკიდებულების პრობლემის ეფექტური საპასუხო ღონისძიებათა სისტემის ამოქმედების ხელშეწყობა.
მუშაობის მიმართულებები
სანდო მონაცემების უზრუნველყოფა კვლევის, ნარკოვითარების მონიტორინგისა და შესაბამის უწყებებთან, ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან კოორდინაციის გზით
კადრების მომზადება ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამისა და ხანმოკლე პროფესიული კურსების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების გზით
ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა ადიქციის პრობლემის შესწავლაზე და საპასუხო მტკიცებულებითი ღონისძიებების სისტემის დანერგვაზე მიმართული პროექტების ინიციირებისა და განხორციელების გზით.
ინსტიტუტის შექმნის ისტორია
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში მომზადდა ქართველი სპეციალისტების ჯგუფი, რომელთაც დაიწყეს მუშაობა ადიქციის პრობლემის საპასუხო ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე სხვადასხვა მიმართულებით: კვლევა, ნარკოვითარების მონიტორინგი და ნარკოეპიდემიოლოგია, ნარკოპოლიტიკა და ნარკოკანონმდებლობის რეფორმა, პრევენცია, მკურნალობა და ზიანის შემცირება. პარალელურად, შედგა თანამშრომლობა Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში პროფესიული დახელოვნებისთვის მივლენილ ქართველ და ჩეხ კოლეგებს შორის. ამ საექსპერტო თემმა დაიწყო ერთობლივი მუშაობა საქართველოში ადიქტოლოგიური განათლების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაზე. დასაწყისში ამ სამუშაოს მხარს უჭერდა ჩეხეთისა და ამერიკის განვითარების სააგენტოების პროექტები, ხოლო 2013 წლიდან ევროკომისიის TEMPUS-ის მექანიზმით დაფინანსებული პროექტი ADDIGE – Addictology Development in Georgia. 2013 წელს პროექტის ექსპერტთა ჯგუფმა მიმართა ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტს ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის შექმნისა და ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დაფუძნების იდეით, რასაც ილიაუნიმ მზაობით, მხარდაჭერითა და ხელშეწყობით უპასუხა. ადიქციის კვლევების ინსტიტუტი მოქმედებს 2013 წლიდან, ადიქციის კვლევების სმაგისტრო პროგრამა დაფუძნდა ილიაუნიში 2015 წლიდან, ამჟამად ყავს უკვე 50-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომლებიც დასაქმებული არიან ნარკოვითარების მონიტორინგის, წამალდამოკიდებულების პრევენციის, მკურნალობის, ზიანის შემცირებისა და სხვა შესაბამის სფეროებში.